ფული საქონელბრუნვის საშუალებაა; ის წარმოების, საბითუმო და საცალო ვაჭრობის დამაკავშირებელი კონკრეტული სახმარი ღირებულებაა. კლასიკური პოლიტეკონომიკური აღქმით ფული და ვალუტა სინონიმებია. ფული საქონლის ეკვივალენტია, შეფასებითი კატეგორიაა.

Sunday, May 22, 2011

სახელმწიფო საფინანსო სისტემა

საფინანსო სისტემის ერთ-ერთი ქვესისტემა სახელმწიფო ფინანსებია, რომელიც თავად სისტემაა და შედგება ისეთი ქვესისტემებისაგან, როგორიცაა: ბიუჯეტი, საკრედიტო სფერო, ფასიანი ქაღალდებისა და დაზღვევის სფერო. სახელმწიფო ფინანსები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ქვეყნის ეროვნული შემოსავლის განაწილება-გადანაწილება, ეკონომიკის ცალკეულ სექტორებსა და რეგიონებს შორის, ფინანსების, როგორც ინსტრუმენტის, მეთოდის გამოყენებით ხდება. შემოსავალი ნაწილდება ეკონომიკის სუბიექტებს შორის, საკუთრების ფორმების მიხედვით, საზოგადოების ცალკეულ ფენებს შორის და ა.შ. განვიხილოთ სახელმწიფო საფინანსო სისტემის შემადგენელი სფეროები:
>>ბიუჯეტი – სახელმწიფო ფინანსების ერთ-ერთ ქვესისტემას ბიუჯეტი წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ ისეთი ქვესისტემებისაგან შედგება როგორიცაა: სახელმწიფო ბიუჯეტიავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტიდა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტი. სახელმწიფო ბიუჯეტი უზრუნველყოფს, როგორც საერთო-სახელმწიფო მნიშვნელობის ეკონომიკური, სოციალური, საგარეო-ეკონომიკური, ქვეყნის თავდაცვისა და სუვერენული ქვეყნის ვალდებულებათა შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებების, ისე საერთო-სახელმწიფო მნიშვნელობის მიზნობრივი პროგრამების დაფინანსებას.
>>საკრედიტო სფერო _ საკრედიტო სფერო ასევე სახელმწიფო საფინანსო სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, რომლის მეშვეობით ხორციელდება ქვეყნის ეკონომიკის ცალკეული სექტორებში არსებული დროებით თავისუფალი ფულადი საშუალებების (დანაზოგების) მობილიზება და მიზნობრივი განთავსება სარგებლის (პროცენტის) გადახდით და დაბრუნების პირობით. საკრედიტო ურთიერთობაში, როგორც წესი მონაწილეობს მინიმუმ ორი სუბიექტი, კერძოდ მსესხებელი და კრედიტორი. თუ კი სასაქონლო-ფულადი ურთიერთბის საწყის ეტაპზე პირდაპირი კავშირი მყარდებოდა თავისუფალი ფულადი საშუალებების მფლობელსა და მსესხებელს შორის, განვითარების შემდგომ ეტაპზე საკრედიტო ურთიერთობაში უკვე სამი სუბიექტი მონაწილეობს. სასესხო კაპიტალის ბაზარზე გამოდის ისეთი სპეციალიზებული საფინანსო ინსტიტუტები, როგორიცაა მაგალითად ბანკები, საინვესტიციო ფონდები, სადაზღვევო კომპანიები, საკრედიტო კავშირები და სხვა. სადაც ხდება დროებით თავისუფალი ფულადი საშუალებების აკუმულირება და საკრედიტო ფულზე მოთხოვნის შესაბამისად მისი განთავსება. ამასთან ბანკი სესხს იძლევა გარკვეული სარგებლის მიღების პირობით. ეკონომიკის სუბიექტები (კრედიტორები) ჭარბ შემოსავალს (ფულად რესურსებს) თავისი სურვილით გადასცემენ ფინანსურ შუამავლებს ან ეკონომიკის იმ სუბიექტებს (მსესხებლებს), რომლებიც ფულადი საშუალებების ნაკლებობას განიცდიან, შემდგომი კაპიტალიზაციისა და მოგების მიღების მიზნით.
ამგვარად საკრედიტო სფერო, როგორც საფინანსო სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი აქტიურ როლს თამაშობს ეროვნული შემოსავლის გადანაწილებისა და ცენტრალიზებული და სხვადასხვა დეცენტრალიზებული ფულადი ფონდების ფორმირებაში და გამოყენებაში.
>>ფასიანი ქაღალდების სფერო – ფასიანი ქაღალდების სფერო სახელმწიფო საფინანსო სისტემის განსაკუთრებულ ქვესისტემაა და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს შემოსავლების განაწილება-გადანაწილების პროცესში. ფასიანი ქაღალდებით წარმოიქმნება ფინანსური აქტივები. კერძოდ, ფასიანი ქაღალდების სფერო ისევე, როგორც საკრედიტო რგოლი ემსახურება დროებით თავისუფალი ფულადი საშუალებების მობილიზებას და მის ეფექტიან გადანაწილებას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში. ამგვარად ფასიანი ქაღალდების ყიდვა- გაყიდვის შედეგად ხდება ეკონომიკის მაღალი შემოსაველების მქონე სექტორიდან დროებით თავისუფალი კაპიტალის გადადინება შედარებით დაბალი შემოსავლების მქონე სექტორში. ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვით ხორციელდება დანაზოგის მიზნობრივი გადანაწილება და გამოყენება. ფასიანი ქაღალდი, მფლობელისათვის წარმოადგენს ფინანსურ აქტივს, ხოლო ემიტენტისათვის ფინანსურ ვალდებულებას.
>>დაზღვევის სფერო _ სახელმწიფო საფინანსო სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ნაწილია სადაზღვევო სფერო. დაზღვევა, როგორც შემოსავლების გადანაწილების მეთოდი აქტიურად მონაწილეობს ეროვნული შემოსავლის განაწილება-გადანაწილების პროცესში. დაზღვევის ფონდი იქმნება ფიზიკური და იურიდიული პირების სადაზღვევო შენატანებით და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე. აღნიშნული ფონდის მეშვეობით ხდება სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზარალის კომპენსაცია. ამგვარად, ქვეყანაში არსებული დროებითი ფულადი რესურსების მობილიზებით იქმნება დაზღვევის (სარეზერვო) ფონდი იმ მიზნით, რომ იგი ამცირებს რისკის ხარისხს და სადაზღვევო შემთხვევის წარმოქმნისას, ეფექტურად გამოიყენება.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში პირადი, ქონებრივი და პასუხისმგებლობის რისკების დაზღვევა კომერციულ საქმიანობას წარმოადგენს. ცენტრალიზებული გეგმიანი ეკონომიკის პირობებში აღნიშნული საქმიანობის სახელმწიფო მონოპოლია არსებობდა. საბაზრო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოში მოხდა დემონოპოლიზაციის რთული პროცესი. იქმნება კომერციული სადაზღვევო კომპანიები, რომელთაც ჯერჯერობით სადაზღვევო მომსახურეობის ცალკეული სახეობის მიხედვით არ გააჩნიათ გამოკვეთილი სპეციალიზაცია.

1 comment: